თბილისში სანაგვე ურნები მიწისქვეშ გადაინაცვლებს

სანაგვე ურნებს მალე მიწისქვეშ გადაიტანენ - თბილისის მერიამ ეს გადაწვეტილება უვე მიიღო და ურნების გადატანის საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირიდან დაიწყება.

ეს სიახლე შეეხება ყველა იმ ქუჩას, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

„უახლოეს მომავალში ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამიტომ ჩემი დავალებაა სანაგვე ლურჯი ურნები, რომელიც დგას ქუჩაში, მიწის ქვემოთ ჩავიტანოთ. ბევრ განვითარებულ ქალაქშია ეს პროექტი გაკეთებული და ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთისაც ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერს სანაგვე ურნები არც ვიზუალურად მოსწონს და ამბობს, რომ ეს სანაგვეები ბევრ სხვა პრობლემასაც ქმნის. კალაძის განცხადებით, ურნები დახურული იქნება და სისუფთავეც უფრო შენარჩუნდება.

„უკვე დავიწყეთ რეაბილიტირებულ სკვერებში სეპარირებული სანაგვე ურნების დადგმაც, ანუ ბოთლი ერთ ურნაში უნდა ჩააგდო, სხვა ნარჩენები - მეორეში და მესამეში. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება ამ მიმართულებით წასვლა. მოდი, დავიწყოთ ჭავჭავაძით, რადგან მთლიანად ვაპირებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.