ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, გაფიცულ მაღაროელებს შესთავაზა ხელფასის 25%-ით გაზრდა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, 21 მაისს დასაქმებულებს შესთავაზეს ხელფასის 25%-ით მომატება „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე.

„დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს. „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გასულ წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდა, სანაცვლოდ კი, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.

შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ამჟამინდელი გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა.

„იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ორასამდე თანამშრომელი 15 მაისს გაიფიცა. მათ უარი თქვეს კომპანიასთან სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.