კემპი: რადიკალური მგრძნობელობის ამბავი

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

კემპი: რადიკალური მგრძნობელობის ამბავი

„ამ სამყაროში ბევრი რამისთვის სახელი არ დაურქმევიათ. და ბევრი რამ, რისთვისაც სახელი დაურქმევიათ, არასოდეს აღუწერიათ. მათგან ერთია მგრძნობელობა - უაღრესად თანამედროვე რამ, დახვეწილობის ვარიაცია, თუმცა ბოლომდე არც დახვეწილობა. მას საკულტო სახელად ‘კემპი’ ჰქვია.“

ასე იწყება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალის, მწერლის, პოლიტიკური აქტივისტის, სიუზან ზონტაგის მიერ 1964 წელს დაწერილი წერილი „შენიშვნები კემპზე“.

„კემპი სამყაროს ესთეტიკურ ფენომენად აღიქვამს - არა სილამაზის, არამედ ხელოვნურობის, სტილიზაციის თვალსაზრისით. ... კემპი ყველაფერს ბრჭყალებში ხედავს. ეს არა ლამპა, არამედ ‘ლამპაა’, არა ქალი, არამედ ‘ქალი’” - წერს ზონტაგი და განაგრძობს: „კემპი ყველაზე ფართო გაგებაა მეტაფორისა, რომ ცხოვრება თეატრია. ... კემპის მთავარი არსი სერიოზულად მიჩნეულის ტახტიდან ჩამოგდებაა. … ის შესაძლებელს ხდის სერიოზულად მოეკიდო ქარაფშუტულს, და ქარაფშუტულად-სერიოზულს“.

ენდი მედჰარსტი

ზონტაგის ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. დღეს ტერმინი „კემპი“ უკვე კულტურის მკვლევრების თუ ხელოვნებათმცოდნეების ლექსიკონის განუყოფელი ნაწილია. ზუსტად ახლა, 2019 წლის გაზაფხულზე, ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა თავისი ყოველწლიური პომპეზური ღონისძიების, „მეტ გალას“ თემად კემპი გამოაცხადა და ზონტაგის წერილის პატივსაცემად მას „კემპი: შენიშვნები მოდაზე“ დაარქვა. მეტ გალაზე, რომელსაც მოდის სამყაროს ოსკარებსაც უწოდებენ ხოლმე, პოპულარული კულტურის სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კემპურ ექსტრავაგანტულობაში.

„მეტ გალას“ გამო დასავლურ მედიაში უამრავი სტატია თუ სიუჟეტიც მომზადდა, და თითქმის ყველა მათგანი იწყებოდა კითხვით - „მაინც რა არის კემპი“? გადავწყვიტე ტენდენციას ავყოლოდი და პოდკასტის დღევანდელი გამოშვებაც ამ შეკითხვისთვის მიმეძღვნა. მით უმეტეს, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა და, როგორც დღევანდელი პოდკასტიდან შეიტყობთ, ეს უცნაური ფენომენი, კემპი, ერთდროულადაა ჰომოფობიის ირიბი შედეგიც და მის წინააღმდეგ მიმართული, ეკლიანი, ირონიული და ხშირად მწვავედ პოლიტიკური იარაღიც.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

პოდკასტის სტუმარია ენდი მედჰარსტი, ჩემი ყოფილი ლექტორი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი და ერთ-ერთი წამყვანი კულტურის თეორეტიკოსი ბრიტანეთში. თავის დროზე, სწორედ ენდისგან გავიგე, რომ, როგორც ვარაუდობენ, ინგლისურ ენაში სიტყვა "კემპი" შევიდა ფრანგული ტერმინიდან "se camper", რაც, თავისუფალ თარგმანში, ღიად პოზირებას ნიშნავს. დღევანდელი გაგებით, „კემპს“ ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობა აქვს - ერთია ქცევა, ჩაცმის, ლაპარაკის, სიცილის, ჟესტიკულაციის ის სტილი, ქართულად „მანერულობას“ რომ ვუწოდებთ ხოლმე; მეორე კი გემოვნება - განსაკუთრებული, სპეციფიკური მგრძნობელობა ხელოვნების, კულტურის, გარემოს მიმართ. კემპის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი კი ის არის, რომ ეს მგრძნობელობა განუყოფელია გეი სუბკულტურების ისტორიისგან. კემპი გაჩნდა დასავლეთში გეების უფლებებისთვის ბრძოლის დაწყებამდე, რეპრესიულ, მჩაგვრელ გარემოში - და მოგვევლინა უმცირესობის ირონიულ ხედვად უმრავლესობის კულტურის შესახებ.

გამოშვებაში ვცდილობთ გავერკვეთ, მაინც რა არის ეს იდუმალი და სუბკულტურული საიდუმლო კოდი, რომლის პანთეონი მოიცავს ფიგურების და მოვლენების ისეთ ფართო სპექტრს, როგორებიცაა, მაგალითად, დაიანა როსი, მარლენ დიტრიხი, ჯესი ნორმანი, 1950-იანი წლების ავეჯი, ჯგუფები აბბა და პეტ შოპ ბოისი, შერი, გედების ტბა, 1920-იანი წლების ქალების მოდა, ვენის ვალსები და გერმანული წარმომავლობის ამერიკელი რეჟისორის, დაგლას სირკის მიერ 1955 წელს გადაღებული, სუნთქვის შეკვრამდე მშვენიერი მელოდრამა „ყველაფერი, რის ნებასაც ზეცა დაგვრთავს“. ვსაუბრობთ ოსკარ უაილდზე, პედრო ალმოდოვარზე, მადონაზე, ჯუდი გარლანდზე, ფილმზე „პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავალი“ და, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ჯონ უეინზეც კი.