ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვას „ქართული ოცნება“ ეხმაურება

„მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ჭიათურაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცულ მაღაროელებსაც შეხვდნენ.

ჭიათურაში უვადო შიმშილობა დაიწყო 15-მა მაღაროელმა. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობასა და მუნიციპალიტეტის მერიის შენობას შორის მდებარე სკვერში არიან შეკრებილები და კარვებიც გაშალეს.

მაღაროს თანამშრომლებმა შიმშილობის დაწყება კომპანიის სპეციალურ მმართველთან, ნიკოლოზ ჩიქოვანთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ გადაწყიტეს.

გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50%-იან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მაღაროელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.