უკრაინაში დაბრუნდა პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი

უკრაინაში დაბრუნდა ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი, რომელმაც თითქმის ორი წელი დაჰყო ემიგრაციაში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისა და უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიის ერთობლივი პროექტის, „სხემის“ ინფორმაციით, კოლომოისკი 16 მაისის დილას კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა თელ-ავივიდან აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში.

კოლომოისკის, რომელიც 2014-2015 წლებში დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო, რამდენიმე წელია უთანხმოება აქვს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. უკრაინაში მისი დაბრუნება რამდენიმე კვირაში მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენ ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას.

ინტერნეტგამოცემა „ბაბელის“ ინფორმაციით, კოლომოისკიმ განაცხადა, რომ ზელენსკის მმართველობისას მოელის სასამართლოებზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტას. ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

უკრაინაში კოლომოისკის მიმართ გამოძიება იყო დაწყებული, როცა ის 2017 წლის ივნისში ქვეყნიდან გაემგზავრა და მას შემდეგ ისრაელსა და შვეიცარიაში ცხოვრობდა.

პოროშენკოს განცხადებით, კოლომოისკი ზელენსკის ეხმარებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რათა „შური იძიოს სახელმწიფოზე“ მისი „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციისათვის.

ბანკის ნაციონალიზაცია 2016 წლის დეკემბერში მოხდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ თანხმობით.

იგორ კოლომოისკის ქონება 1,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.