რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლების რაოდენობა იზრდება

გაფიცულებს უკვე შეხვდა ქარხნის დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი, რომელიც მეტალურგებს არაფერს დაჰპირდა.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს ფოლადსადნობი საამქროსა და სატვირთო უბნის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მათი მოთხოვნა იგივეა - ხელფასის მომატება და 8-საათიანი სამუშაო დღე.

16 მაისს, დილიდან, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წვრილსორტული საამქროს 150-მდე თანამშრომელი გაიფიცა. მათ მოითხოვეს სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდა და კანონის შესაბამისი 8-საათიანი სამუშაო დღის დაწესება.

გაფიცულებს შეხვდა ქარხნის დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი, რომელიც მეტალურგებს არაფერს დაჰპირდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ საწარმოს მენეჯმენტი გამონახავს ალტერნატიულ გზებს, რომ წარმოება არ შეფერხდეს.

ერთ-ერთმა გაფიცულმა, გიორგი ტყემალაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქარხნის დირექტორის განცხადებამ აქციის გამწვავებისკენ უბიძგა. მეტალურგები რუსთავის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.