საქართველოში 2018 წელს 450 მილიონამდე ლარის ამანათები გამოიწერეს

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს იმპორტირებულმა ელექტრონულად შეძენილმა ამანათების ღირებულებამ 449 975 433 ლარი შეადგინა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ ონლაინ ვაჭრობის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. უცხოეთიდან იწერენ თითქმის ყველა სახის პროდუქტს, იქნება ეს ტანსაცმელი, ტელეფონი, აქსესუარები და ა. შ.

„ერთი პერიოდი ხშირად იწერდნენ ვიდეო-ბარათებს, რომელიც ბიტკოინების გამოსამუშავებლად არის საჭირო. ბოლო წლის განმავლობაში მარტო ჩვენთან აურაცხელი რაოდენობის ვიდეო-ბარათები ჩამოვიდა. კიდევ იწერენ ტელეფონების დაზიანებულ ეკრანებს. არ ვიცი, რისთვის სჭირდებათ, მაგრამ ერთ ამანათში შეიძლება 50-100 დაზიანებული ეკრანი ჩამოვიდეს.“ - ამბობს „ბარამის“ საჰაერო გადაზიდვების კოორდინატორი მარიამ მოურავიძე.