შრომის ინსპექტორი: კოსტავას ქუჩაზე, სადაც მუშა დაიღუპა, დარღვეული იყო ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოები

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც კოსტავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და სადაც 14 მაისს მუშა გარდაიცვალა, კანონით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიყენებს.

ობიექტზე ჩატარებული პირველადი მოკვლევის შემდეგ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ობიექტზე დარღვეული იყო ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები.

ინსპექტორების თქმით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საჭიროა სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე კომპანიის წარმომადგენლებთან და გარდაცვლილ მუშასთან ერთად მომუშავე თანამშრომლებთან გასაუბრება.

„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულია ხარაჩოზე მუშაობის წესები. ვიცით, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი, თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ დარღვეულია ზოგადად ხარაჩოს სადემონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები. ველოდებით კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე ველოდებით, რომ გავესაუბროთ იმ დასაქმებულებს, რომლებიც გარდაცვლილთან ერთად მუშაობდნენ. უნდა გამოვითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდგომ შეგვეძლება ერთიანი დასკვნის გაკეთება, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაია მიქაიამ.

14 მაისს, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეთხუთმეტე სართულიდან მუშა გადმოვარდა. ის ადგილზე დაიღუპა.