შს ყოფილი მინისტრის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც ის 2013 წელს საკნიდან გაიყვანა:
„ვიმეორებ, სახელი და გვარები გვაქვს ადამიანების მითითებული, მაშინდელი ციხის უფროსის, მისი მოადგილის. მერაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ იმ ადამიანების ამოცნობაც შეუძლია, ვინც მანქანაში ჩასვა და ვინც მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ პროკურატურას ამოცნობა არ ჩაუტარებია", - აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, საკნიდან ის მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ასევე მთავარი პროკურორი და ჯერჯერობით ამოუცნობი პირი აძალებდა მას ზურაბ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის გაცემას.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმის გამომძიებლის თამუნა ვახანიას განცხადებით, მერაბიშვილმა აქამდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც მერაბიშვილის განმარტებით, ის საკნიდან გაიყვანეს.
N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს:
„დღეს კიდევ ერთხელ გამოიკითხება მერაბიშვილი, რათა დადგინდეს შეუძლია თუ არა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც მისი განმარტებით, მოახდინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაყვანა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ივანე მერაბიშვილმა უკვე ორჯერ მისცა მსგავსი ჩვენება. კერძოდ, 2014 წელს, ანუ 5 წლის წინ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ასევე, მეორედ, 2016 წელს იგი მოწმის სახით გამოიკითხა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ამოცნობის ჩატარება გახდა შეუძლებელი, ვინაიდან ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებელები, ასევე გვარობითი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების დასახელება, რომელიც მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, აუცილებელია დასახელდეს, რათა შემდეგში განხორციელდეს და ჩატარდეს ამოცნობა. დღეის მდგომარეობით, სწორედ ამ მიზნით ტარდება გამოკითხვა, ივანე მერაბიშვილი შეძლებს თუ არა აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირებას და შემდეგში გახდება თუ არა შესაძლებელი ამოცნობის ჩატარება", -განაცხადა ვახანიამ.