„ქართული ოცნება“ და გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ

ჯიხაშკარში მცხოვრები ზარანდიების ოჯახსა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორივე მხარე ერთმანეთის პროვოკაციად აფასებს.

„ქართული ოცნების“ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატების, გიორგი შენგელიას და სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირების გამო.

ინციდენტი 12 მაისს, საღამოს მოხდა. ჯიხაშკარში მცხოვრები ზარანდიების ოჯახსა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორივე მხარე ერთმანეთის პროვოკაციად აფასებს.

„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია „მიუვარდა“ ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც არ უნდოდა სანდრა რულოვსის მიღება. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს უჩვენეს დაპირისპირების ვიდეოკადრები, სადაც ჩანან კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.

ირაკლი ჩიქოვანი

"ჩვენ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არავის ვურტყამთ წიხლებს. არავის მივცემთ უფლებას, აქ შექმნას დაპირისპირების კერა. ნაციონალური მოძრაობა ცხადად ჩამორჩება და აგებს არჩევნებს, ამიტომ, მათი მიზანია არეულობა" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ნაჩვენებ ვიდეოჩანაწერს დამონტაჟებული უწოდეს სანდრა რულოვსის შტაბში, სადაც აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები სრულ სურათს არ ასახავს. შტაბის წარმომადგენლის, აკაკი მინაშვილის თქმით, სოფელ ჯიხაშკარში ჩვეულებრივი საარჩევნო შეხვედრა ჰქონდათ კარდაკარის პრინციპით, რა დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ძმები ზარანდიები "გამოვარდნენ" და დაიწყეს მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აკაკი მინაშვილი

მინაშვილის განცხადებით, არსებობს დაუმონტაჟებელი კადრები, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. "ოცნებამ იცის, რომ წაგებული აქვს და პროვოკაციაზე გადმოდიან. არავინ არავისთან არ შეჭრილა. ისინი აყენებდნენ ფიზიკურ დაპირისპირებას ქალებსაც კი და მას მერე ჩავერიეთ. შამახია იქ სიტუაციის განტვირთვის მიზნით შევიდა", - თქვა აკაკი მინაშვილმა.