MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნების) ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში (წესების გარეშე ბრძოლის ტურნირზე) ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. 5 მაისს, ოტავას დარბაზში გამართულ შეხვედრაში დვალიშვილი დაუპირისპირდა კანადელ ბრედ კატონას, რომელსაც აქამდე ჩატარებული რვავე შეხვედრა მოგებული ჰქონდა.
„მანქანის“ მეტსახელით ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს სამრაუნდიან ბრძოლაში, ქულებით აჯობა და ახლა მის ანგარიშზე 9 მოგება და 4 წაგებაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა დარბაზს მიმართა. მან თქვა, რომ ეს გამარჯვება მისთვის აუცილებელი იყო UFC-ში დასარჩენად, რადგან მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ბოლო ბრძოლას ატარებდა და წარუმატებლობის შემთხვევაში ვეღარ შეძლებდა ყველაზე პრესტიჟული კომპანიის ორთაბრძოლებში მონაწილეობის მიღებას.