ვახტანგ გომელაური: ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველესი გამოწვევაა

ვახტანგ გომელაური

„2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და ის კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში”, - განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის 2018 წელსაც მთავარი გამოწვევად დარჩა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, სპეცსამსახურების აქტივობებთან ერთად გამოწვევაა როგორც საქართველოს, ასევე კავკასიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის საჯარო ნაწილის წარდგენის შემდეგ განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.