პანკისელები სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

პანკისის ხეობის მცხოვრებთა კრება ჯოყოლოში. 2019 წლის 21 აპრილი

პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილს თბილისში შეხვდა სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. მისი აპარატის ინფორმაციით, პანკისელებმა ისაუბრეს საკითხებზე, რომლებიც ხეობის მოსახლეობას აწუხებს და ყურადღება გაამახვილეს ინტენსიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, შენგელი ტოხოსაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრმა კომპეტენციის ფარგლებში უპასუხა დასმულ შეკითხვებს და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრები ჩატარდება პანკისის ხეობაში, მათ შორის, ცალკე ახალგაზრდებთან.

პანკისელი აქტივისტის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრთან და მანამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ჰქონდათ მეგობრული და თბილი შეხვედრები და ელიან „ძალიან კარგ ამბებს და შედეგიან სამომავლო შეხვედრებს.“

პანკისელი ისლამ გორგიშვილის ინფორმაციით, ვრცლად ისაუბრეს 21 აპრილს განვითარებულ სამწუხარო მოვლენებზე, სახელმწიფო მინისტრს დუსვეს შეკითხვები, მოისმინეს პასუხები, მისი აზრიც და მიიღეს პირობა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ხეობის მოსახლეობას აქვს, გათვალისწინებული იქნება.

„იმ პროცესების მერე, რაც ხეობაში მოხდა, ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც გადაიდგა მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით და ასევე, სხვა ბევრი სასიკეთო საქმისთვის. იმედი გვაქვს და მივიღეთ პირობა, რომ ეს ყველაფერი შემდგომშიც გაგრძელდება“ - განაცხადა ისლამ გორგიშვილმა

შეხვედრას ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული უწოდა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

„ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა დიალოგზე, კომუნიკაციაზე, სრულ გახსნილობაზე, რომ განვიხილოთ ყველა თემა, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის აქტუალურია. მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ ხეობაში ჩავიდე და ყველას შევხვდე. ამით გავაგრძელო ის პრაქტიკა, რომელიც ხეობაში და ხეობის მოსახლეობასთან გვქონდა“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, ყველა საკითხის გადაწყვეტაა შესაძლებელი დიალოგისა და კომუნიკაციის გზით, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. „პანკისის ხეობის ინტერესი იგივეა, რაც სახელმწიფო ინტერესი“ - თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

1 მაისს, პანკისის ხეობის მცხოვრებთ შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების გამო, როცა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, სახალხო კრებამ გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომლის ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა, საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი.