ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო აცხადებს, რომ დაიწყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მმართველობის დასამხობი გეგმის „ფინალური ეტაპი“. გუაიდო ამბობს ასევე, რომ მოიპოვა „გაბედული ჯარისკაცების“ მხარდაჭერა.
მადუროს მთავრობის წევრებმა 30 აპრილს გუაიდოს მოქმედებას უწოდეს „გადატრიალების მცდელობა“. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ოპოზიციონერი ლიდერისა და სამხედრო ფორმიანი ათობით ადამიანის წინააღმდეგ კარაკასის სამხედრო-საჰაერო ბაზასთან.
ინფორმაციის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა ტვიტერში დაწერა, რომ მთავრობა უპირისპირდება მომცრო „გადატრიალების მცდელობას“, რომელსაც სათავეში უდგანან „მოღალატე“ სამხედროები მემარჯვენე ოპონენტების მხარდაჭერით.
გუაიდო, რომელსაც ვენესუელის კანონიერ ლიდერად უკვე აღიარებს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საქართველო, ჩანს ლა კარლოტას სამხედრო-საჰაერო ბაზასთან გადაღებულ ვიდეოზე. მის გვერდით დგანან შეიარაღებული ჯარისკაცები, მოჩანს ჯავშანმანქანებიც.
გუაიდოს თქმით, ქუჩებში გასული ჯარისკაცები ვენესუელის კონსტიტუციას იცავენ დაგეგმილ ანტისამთავრობო გამოსვლამდე ერთი დღით ადრე.
მადუროს მთავარ მოკავშირედ რუსეთი ითვლება.