ნემსის ყუნწში: თანასწორობის რადიკალური იდეის ბედი

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

ნემსის ყუნწში: თანასწორობის რადიკალური იდეის ბედი

„აღდგომის დღესასწაულს ძლიერი პოლიტიკური განზომილება აქვს. ნუ დავივიწყებთ ამას“ - ამბობს უილიამ ჯეი ბარბერი, ამერიკელი პროტესტანტი მღვდელი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა სამოქალაქო უფლებებისთვის და ღარიბი მოსახლეობის დაცვისათვის ბრძოლაში. ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ის წერს: „ბზობის კვირას იესოს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში იყო ხალხის ძალის გამიზნული დემონსტრაცია, მმართველთა თვალწინ და მათ წინააღმდეგ. პალესტინის უარყოფილი ადამიანების დალოცვით და განკურნებით, იესომ შექმნა სახალხო მოძრაობა, რომის დიდებულების იმიტაციით, საიმისოდ, რომ ეზეიმა ღმერთის ძალის რევოლუციური ხედვა, რომელიც კეისრის მმართველობის რეალურ ალტერნატივას ქმნიდა. იესო ქალაქში ამიტომაც შევიდა მოკრძალებული ვირით და არა ცხენით. ტაძრიდან გამოდევნა ფულით მოვაჭრეები და იზეიმა ისრაელის უძველესი ხედვა - რომ ‘ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა’. აღდგომის პოლიტიკურ განზომილებას ვერ დავივიწყებთ - იესო დამნაშავის სტატუსით ჯვარზე იმიტომ გააკრეს, რომ მის მიერ შექმნილი მოძრაობა საფრთხეს წარმოადგენდა მაშინდელი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მიერ შექმნილი წესრიგისთვის. იესო მკვდრეთით აღდგა, რათა ეჩვენებინა - ღმერთის ძალა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სისტემისა, რომელიც ცდილობს, ადამიანები ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს“.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

ბიბლიაში, მოციქულთა საქმეში ვკითხულობთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესოს მოწაფეებს „ქრისტიანები“ პირველად ანტიოქიაში ეწოდათ - რადგან სხვა სახელი არ არსებობდა ადამიანთა იმ უცნაური, სიყვარულით გაერთიანებული ჯგუფისათვის, რომელიც აცხადებდა, რომ მათი უფალი დამნაშავის სტატუსით ჯვარზე გაკრული კაცი იყო.

ის, თუ როგორ გარდაიქმნა იესოს სიკვდილის და აღდგომის ამბის გარშემო გაერთიანებული ეს უცნაური, პირველ ქრისტიანებად წოდებული ჯგუფი, რელიგიურ ინსტიტუტებად, ეკლესიად, თუ ეკლესიებად, ისტორიკოსებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამოუწურავი სფეროა. ეს თემატიკა მკვლევრებს კიდევ და კიდევ იზიდავს, რადგანაც ქრისტიანობის - მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიის - ისტორიის გაგების გარეშე გლობალური ისტორიის გაგებაა შეუძლებელი. მაინც რამ განაპირობა ქრისტიანობის აღზევება? ღარიბი, წამებული, მისტიკური ფიგურის გარშემო შექმნილი ეს რწმენა ისტორიული ვითარების და იმპერიული კონტექსტის გამო გავრცელდა, თუ საკუთრივ მასში იყო რაღაც ისეთი, რამაც გამოწვია ანტიკური სამყაროს დასასრული და ისტორიის კარდინალური შეცვლა? „ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველშიო“, ასწავლიდა იესო თავის მიმდევრებს - არადა რომის იმპერიის დანგრევისას ეკლესია უკვე დიდი ქონების პატრონი იყო. როგორ გადაიზარდა იესო ქრისტეს გარშემო შექმნილი, ქონებისა და სიმდიდრის უარყოფაზე დაფუძნებული, კონტრკულტურული მოძრაობა დიდძალი სიმდიდრის მქონე ინფრასტრუქტურაში? და ამ ტრანსფორმაცისას რა ბედი ეწია იმ რევოლუციურ სათქმელს, თუ პოლიტიკურ განზომილებას, რომელზეც ზემოთ მოტანილ ციტატაში სასულიერო პირი საუბრობს?

პასტორი ბრედ ჩილკოტი

„იესოს მისიის გაგება დაიწყეს, როგორც ადამიანების მორგება რაღაც სტანდარტებზე, სამოთხეში მოსახვედრად. ლოცვას წაიკითხავ, გადარჩები და სამოთხეში წახვალ, ცოდვებს მოინანიებ და სამოთხეში წახვალ. მოკლედ, ვინ არის ამ ჯგუფში, ჩვენთან და ვინ მის გარეთ - ეს გახდა მთავარი მესიჯი. ეკლესია მუდმივად ამგვარ ბარიერებს, თუ ნიშნებს ქმნიდა - ვინ არის ჩვენიანი და ვინ არა - და შემდეგ ამ ბარიერებს იყენებდა ადამიანების კიდევ უფრო გასარიყად" - გვეუბნება „ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვების სტუმარი, ავსტრალიელი პასტორი ბრედ ჩილკოტი, ბრიტანეთში გამომავალი გაზეთის, „გარდიანის“ ხშირი ავტორი, დამფუძნებელი ეკლესიისა სახელად „Activate” და ასევე ორგანიზაციისა Welcoming Australia, რომელიც ავსტრალიაში თავშესაფრის მაძიებლებად, ლტოლვილებად, მიგრანტებად ჩასული ადამიანების მიმართ მიმღებლობის გაზრდაზე მუშაობს. და განაგრძობს: „ეს ძალიან განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რასაც იესო გვასწავლიდა, ან როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობდა. ის პირიქით, ამ ბარიერებს ანგრევდა, ამბობდა, რომ ღმერთის სიყვარული უპირობოა, ის ყველას მოიცავს. აღდგომის ძალა - ჯვარცმა და შემდეგ მკვდრეთით აღდგომა - გვეუბნება,​რომ ღმერთი კაცობრიობასთანაა - მთელს კაცობრიობასთან. არადა თეოლოგიის დიდი ნაწილი, საუკუნეებია, გვასწავლის, რომ ღმერთი დაგსჯის, თუ ფეხი დაგიცდება, ღმერთს უნდა სამოთხეში არ შეგიშვას, თუკი სიცოცხლეში სწორ ლოცვებს არ ამბობდი, ან სწორი რაღაცების არ გწამდა. სწორედ ამით ამართლებდნენ მონობას, ჯვაროსნულ ომებს. რომ უნდა განვდევნოთ ბოროტი, ხალხი ვაიძულოთ დაიჯერონ სწორი რაღაცები და სწორად მოიქცნენ. ამას არაფერი აქვს საერთო იესოს მოძღვრებასთან და ცხოვრებასთან.“

გიორგი მაისურაძე

ბრედ ჩილკოტთან ერთად, პოდკასტის სტუმარია ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომლის კვლევის ერთ-ერთი სფერო ადრეული ქრისტიანობის ისტორიაა. ის გვიყვება ქრისტიანობის ფესვებზე და იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპზე, რომლებმაც განსაზღვრა ამ რწმენის თავდაპირველი, თანასწორობის რადიკალური იდეისა თუ პრინციპის ბედი.