უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის აზრით, ამ ეკლესიის ავტოკეფალია სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს - გარდა კონსტანტინოპოლისა - იმის გამო არ უღიარებიათ, რომ ამ პროცესს აქტიურად ეწინააღმდეგება მოსკოვი.
„რუსეთის სახელმწიფო ერეოდა ეკლესიის საქმეებში. და თავისი როლი ითამაშა ფულმა. ხელმძღვანელობა ჩადიოდა ადგილობრივ ეკლესიებში და ეწეოდა აგიტაციას, არ აღიარონ მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შესახებ“, - განაცხადა ფილარეტმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.
მანვე გამოთქვა იმედი, რომ საბოლოოდ ავტოკეფალიას მაინც ცნობენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, რუსულის ჩათვლით.
ფილარეტი შეეხო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვების ფაქტსაც. მისი აზრით, პრეზიდენტის პოსტზე ზელენსკის მთავარი ამოცანა იქნება კორუფციასთან ბრძოლა, რაშიც მას უფლის დახმარება უსურვა.
პატრიარქის თქმით, ზელენსკიმ ბოდიში მოიხადა იუმორისტულ ტელეგადაცემა “ვეჩერნი კვარტალში“ ხუმრობისათვის, როცა „ტომოსს“ „თერმოსი“ უწოდა. ფილარეტმა როგორც აღნიშნა, ეკლესიამ ზელენსკის აპატია და არ არის მასზე ნაწყენი.