ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

დღევანდელი სხდომა დახურული იყო, რადგან პროცესზე არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები უნდა გამჟღავნებულიყო.

იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის ამბობს რომ შვილებთან ერთად, მამასთან (იური სუსლიაკთან), აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.

19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვის დედა სწორედ იულია სუსლიაკია, სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.​