უკრაინის მოქალაქეს, იულია სუსლიაკს, რომელიც საქართველოში ათი ბავშვის თანხლებით ჩამოვიდა, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ადვოკატ ზურაბ თოდუასთვის ჯერჯერობით არ გადაუციათ საქმის მასალები. „მაქვს დაპირება, რომ შს სამინისტროში 27 აპრილს, დილით გადმომცემს საქმის მასალებს“, - ამბობს ის.
ზურაბ თოდუას ინფორმაციით, არსებობენ მოწმეები, საქართველოს მოქალაქეები, რომელებიც მიუთითებენ, რომ თითქოს იულია სუსლიაკს ბავშვების გაყიდვა ჰქონდა განზრახული. დაკავებული ქალი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულის უდანაშაულობის ანდა დანაშაულის შესახებ უტყუარი პასუხის გაცემა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია. 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის მტკიცებით, ბავშვები მისი შვილები არიან და ის მათთან ერთად ოჯახის მამასთან (იური სუსლიაკთან), აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.
19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვის დედა სწორედ იულია სუსლიაკია, სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ათი ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული.
როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან (სუროგაციის მეთოდის გამოყენებით).
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება“, - წერია შს სამინისტროს მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით 25 აპრილს, ქუთაისის საავადმყოფოში დააკავა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.