ათი ბავშვის თანმხლები ქალი, უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაკავების ფაქტი მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ადვოკატი იმედოვნებს, რომ დეტალებს თავად იულია სუსლიაკთან შეხვედრის დროს გაარკვევს.
„ბოლო კომუნიკაცია გუშინ, საღამოს 9 საათზე მქონდა. მე მას ვუქირავე კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი წყნეთში, სამი ძიძაც მოვუძებნე. უკვე ბავშვების საავადმყოფოდან გამოწერაზე იყო საუბარი. იულიამ მითხრა - ნივთებს ვალაგებ და თბილისში მოვდივართო. ამ დილით მას უკვე წყნეთში უნდა შევხვედროდი. ბავშვები სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა. რა მოხდა, არ ვიცი“, - ამბობს ზურაბ თოდუა.
მისი თქმით, სახლის ქირისა და ძიძების ხარჯები უნდა დაეფარა იულია სუსლიაკის მეუღლეს, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის მტკიცებით, ბავშვები მისი შვილები არიან და ის მათთან ერთად ოჯახის მამასთან, აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.
19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. შემდეგ, რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან. ამის დასამტკიცებლად, ადვოკატ თოდუას თქმით, 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა. უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი). შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.