არქიმანდრიტი კირიონი: აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ.

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“ - უთხრა არქიმანდრიტმა კირიონმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს.“

არქიმანდრიტის ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ქართული სასაზღვრო სექტორის უფროსი ესაუბრა აზერბაიჯანის სექტორის უფროსს, რომელმაც თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ მის ზემდგომებს საქართველოს ხელისუფლება სიტუაციის შეცვლას მოთხოვს.

„საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობაში. გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?!“ - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეიქმნა.

„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა“ - ამბობს არქიმანდრიტი კირიონი. მას საზოგადოების და მედიის აქტიურობის იმედი აქვს.