პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც, უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონებში გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნებულია კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე.

მოქალაქეობის გამარტივებად მიღების უფლება გაიცემა „ჰუმანიტარული მიზნებით“, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, - ნათქვამია ბრძანებულებაში. ყველა მსურველს ექნება საშუალება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში შეიტანოს განაცხადი და საბუთები, რომლებიც გაცემულია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებათა მიერ და ადასტურებს საცხოვრებელი ადგილის არსებობას რეგიონის ტერიტორიაზე. განაცხადებს განიხილავენ სამი თვის ვადაში.