მოისწრაფიშვილი: ლაშა ჟვანია ადმინისტრაციაში მენეჯმენტის დალაგების პირობით მოვიდა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა ჟვანია მენეჯმენტის დალაგების მიზნით და იმ პირობით მივიდა, რომ შემდეგ უკან, პატრიაქრის ფონდში დაბრუნდებოდა.

23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია მოისწრაფიშვილმა თქვა, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. ის არც გავრცელებულ ცნობას ადასტურებს იმის თაობაზე, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.

"არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას", - განაცხადა პრეზიდენრის პრესსპიკერმა.

რამდენიმე დრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს, შემდეგ კი კვლავ პატრიარქის ფონდს დაუბრუნდება.