გლდანის მეშვიდე მიკროს მე-12 კორპუსი ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქებას გადაურჩა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ცხელ ხაზზე კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა.
ბუნებრივი აირი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ჟონავდა.
უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეტა სადარბაზოს დგარები, მოსახლეობამ კორპუსი დაცალა. დაკეტილ ბინაში შეღწევა კი სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.
„შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი გახსნილი იყო და ბინაში გაზი გროვდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინაში და შემდეგ უკვე კორპუსში, მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი“, - წერია "ყაზტრანსგაზ- თბილისის" განცხადებაში.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ და არ დატოვონ ღია გაზის ონკანები.
„გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს“, - წერს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“.