ბირკიანის მკვიდრი: ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ესენი ქვეყნიდან უნდა გავაძევოთო

პოლიციამ პანკისის ხეობაში თავად გამოიყენა ძალა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ და ისინი თავიდან ქალებს დაუპირისპირდნენ - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრმა, დარეჯან ალხანაშვილმა.

„მშვიდად მოვდიოდით, გზაზე გადმოვედით, ხელში შვილები გვეჭირა. გადმოდგა ამ დროს პოლიცია. მე თვითონ ვუთხარი პოლიციას - ხელი არ შეგვახო, ხელი არ შემახოთ-მეთქი... გინდა თუ არა, ჩემი მკლავების დაჭერა უნდოდათ...

ერთ-ერთმა პოლიციელმა ისიც თქვა, ესენი ამ ქვეყნიდან უნდა გავაძევოთო. რატომ არ გააფრთხილა გახარიამ თავისი პოლიცია, რომ წარამარა არ ილაპარაკონ და წყნარად იყვნენ?!

ან ამდენი ჯავშანტექნიკა რაში უნდოდათ ამ ერთიბეწო ხალხთან... მერე ჩვენ გზაზე გადავდექით ქალები, იმათ კიდე ტყვიები გვესროლეს...

მერე იქიდან ჩვენი ბალღებიც ატყდნენ და დაიწყო ეს აჯანყება“, - ამბობს სოფელ ბირკიანის მკვიდრი დარეჯან ალხანაშვილი.

მისი თქმით, თუკი 21 აპრილს მომხდართან დაკავშირებით ხეობაში ვინმეს დაიჭერენ, მთელი ხეობა ერთად დადგება და აჯანყდება.

„თუ ჩვენს ერთ-ერთ ბალღს ხელი დაადო, თუ მაგათ ხელი დაადეს, მაშინ მთელ ხეობას უნდა დაადონ ხელი... ყველანი ავდგებით და ჩვენ თვითონ ჩამოვალთ თბილისში, მაგისი დაჭერა არ გვინდა... ერთ-ერთს რომ ხელი დაადონ, მთელი ხეობა აჯანყდება“, - აცხადებს დარეჯან ალხანაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ - „რომ დაეკავებინათ ვინმე, განა ასე წყნარად გავჩერდებოდით?!“

„მინისტრმა ჯერ თემირლანის (მაჩალიკაშვილის) საქმე გახსნას და მერე ჩვენ მოგვთხოვოს პასუხი“, - ამბობს დარეჯან ალხანაშვილი.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.

ინციდენტის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 40 ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია. საავადმყოფოში ამ დრომდე 16 ადამიანი რჩება. აქედან 15 პოლიციელია, ხოლო ერთი აქციის მონაწილე.