ფროიდის ხმა: რევოლუციური თეორიის ტრადიცია

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

ფროიდის ხმა: რევოლუციური თეორიის ტრადიცია

პოდკასტის ამ გამოშვებაზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა ინტერნეტში ზიგმუნდ ფროიდის ხმის ჩანაწერი „აღმოვაჩინე“ - როგორც ამბობენ, ერთადერთი ასეთი ჩანაწერი, რომლის არსებობაც საჯაროდაა ცნობილი. ეს ჩანაწერი ახლა არ აღმოუჩენიათ, ის დიდი ხანია ხელმისაწვდომია, მაგრამ მე ახლახან მოვისმინე პირველად, ან არ მახსოვდა, რომ მოსმენილი მქონდა. ჩანაწერი ბიბისის მიერ, 1938 წელსაა გაკეთებული ლონდონში, მეირსფილდ გარდენში მდებარე ფროიდის სახლში. უცნაური, დამაინტრიგებელი და სასიამოვნო განცდაა უსმენდე ხმას, რომელიც მეოცე საუკუნის აზრის ამ არაორდინარულ გიგანტს ეკუთვნის - მოაზროვნეს, რომელიც კულტურის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და რომლის სახესაც ისევე მყისიერად ვცნობთ, როგორც, მაგალითად, ელვის პრესლის, მერლინ მონროს, ან ალბერტ აინშტაინს. ძალიან მინდოდა ეს ხმა „ასათიანის კუთხეშიც“ მოხვედრილიყო, და, შესაბამისად, ჩვენი პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ზიგმუნდ ფროიდს, და იმ მეოცე საუკუნის ადამიანს ეძღვნება, რომელიც, არაერთი ისტორიკოსის აზრით, სწორედ ფროიდის თერაპიულ ტახტზე დაიბადა.

მარინე ჩიტაშვილი

​„პროფესიული საქმიანობა დავიწყე როგორც ნევროლოგმა, ვცდილობდი ჩემი ნევროტული პაციენტებისთვის შვება მომეტანა. უფროსი მეგობრის გავლენით და ჩემი მუშაობით, აღმოვაჩინე გარკვეული მნიშვნელოვანი ახალი ფაქტები არაცნობიერის შესახებ ფსიქიკურ ცხოვრებაში, ინსტინქტური სურვილების როლზე, და ასე შემდეგ. ამ მიგნებებიდან ამოიზარდა ახალი მეცნიერება, ფსიქოანალიზი, ფსიქოლოგიის ნაწილი და ნევროზების მკურნალობის ახალი მეთოდი. ამგვარი გამართლებისთვის მძიმე საფასურის გადახდა მომიწია. ხალხს არ სჯეროდა ჩემი ფაქტების, ჩემს თეორიებს მიუღებლად მიიჩნევდნენ. წინააღმდეგობა ძლიერი და გამძლე იყო. ბოლოს შევძელი მოწაფეების მოპოვება და ფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაციის შექმნა. მაგრამ ბრძოლა ჯერაც არ დამთავრებულა“ - ამბობს უკვე ღრმად მოხუცებული და ავადმყოფი ფროიდი. სიტყვების წარმოთქმა მას ძალიან უჭირს, რადგან ყბის კიბო დიდ ტკივილებს იწვევს. ფროიდი ამ ჩანაწერის გაკეთებიდან სულ მალე, 1939 წლის 23 სექტემბერს, ლონდონში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯ მაკარი

დღეს ფსიქოანალიზი ალბათ ყველა სხვა თეორიაზე მეტადაა ჩვენი ყოველდღიური ყოფის, თუ აზროვნების ნაწილი. ვლაპარაკობთ რეპრესიაზე, უარყოფაზე, ადამიანებზე, რომლებსაც დიდი ეგო აქვთ, ლიბიდოზე, ოიდიპოსის კომპლექსზე - ისე, რომ შესაძლოა არც კი ვიცოდეთ, ეს ცნებები საიდან მოდის. ფროიდის სახელის ხსენებაზე ბევრს პირველ რიგში სექსი და სექსუალობასთან დაკავშირებული იერსახეები ახსენდება, იმის მიუხედავად, მისი რომელიმე ტექსტი წაკითხული აქვს თუ არა. და ფროიდიც ათწლეულებია უცვლელად ინარჩუნებს ადგილს ვულგარულ და სწორხაზოვან ხუმრობებში, უხამს რეპლიკებში, კარიკატურებში და უკვე დღეს ე.წ. ინტერნეტ-მიმებში.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

საქმეში ცოტა უფრო მეტად გარკვეული ხალხის თქმით, ფროიდმა, თავისი ცენტრალური პრინციპით - რომ ჩვენი განცდების თუ მოქმედებების წყაროები ხშირად ჩვენთვისვე უცნობია - რევოლუციურად შეგვიცვალა საკუთარი თავის აღქმაც და წარმოდგენებიც ადამიანის გონსა თუ გონებაზე. მაგრამ როგორია საკუთრივ ამ რევოლუციის ისტორია? სად და რომელ ავტორებთან იღებს სათავეს ფროიდის ცენტრალური კონცეფცია, „არაცნობიერის“ ცნება - ის, რომ ჩვენში არის შიდა, შავბნელი​ ძალები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მიერ სამყაროს აღქმაზე? რა შემატა ფსიქოანალიზმა ევროპულ ტრადიციაში მიმდინარე მღელვარე დისკუსიებს ადამიანის გონის შესახებ, ან რა გვითხრა მან გონისა და ტვინის ურთიერთმიმართებაზე? რატომ იყო, რომ ფროიდს, და მის ფსიქოანალიზს, ერთნაირი გაშმაგებით ებრძოდა მეოცე საუკუნის ორივე დიდი ტოტალიტარული ფორმაცია - ნაცისტური გერმანიაც და სტალინის საბჭოეთიც? და რატომაა, რომ ფროიდს თავს ვერ ვანებებთ, ის კვლავ საინტერესო და მომნუსხველი რჩება, მიუხედავად უამრავი და მრავალფეროვანი კრიტიკოსისა, რომლებიც მის თეორიას ხან "არამეცნიერულს" უწოდებენ და ხან კიდევ "პატრიარქალური წესრიგის" გამყარებაში სდებენ ბრალს?

​პოდკასტის ამ გამოშვებაში ამ და ბევრ სხვა საკითხზე გვესაუბრებიან მარინე ჩიტაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ფროიდის მემკვიდრეობის ავტორიტეტიანი სპეციალისტი და ჯორჯ მაკარი, ამერიკელი ისტორიკოსი და ფსიქიატრი, რომლის წიგნს, 2008 წელს გამოცემულ ტექსტს სათაურით „რევოლუცია გონში: ფსიქოანალიზის შექმნა“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცემად მიიჩნევენ ფსიქოანალიზის ისტორიის შესახებ.