ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

იმპიჩმენტის ინიციატორები იყვნენ საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეული წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

ფარულ კენჭისყრამდე საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა.

მრჩეველთა საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით ნატა იმედაიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.