მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ხვალამდე გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ჰქონდეთ, რაც ინიციატორებმა გაიზიარეს.

„შეხვედრა გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. გამოითქვა მოსაზრება და თხოვნა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია ჯერ ჩასწორებული ტექსტი დარიგდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე საგნობრივი განხილვა ამ კანონპროექტის, რაც ჩვენ გავიზიარეთ. შესაბამისად გთავაზობთ, რომ დღეს აღარ გამოვიტანოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.