„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.
როგორც 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, არსებული ვითარებიდან, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნამაც შექმნა.
დეპუტატის თქმით, კობახიძის კანონპროექტი გაკრიტიკებულია ყველა მიმართულებით და მის ალტერნატივად 13 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სთავაზობს უმრავლესობას.
ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ მისი და 12 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ღიად დააყენა ვენეციის კომისიამ.
„ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ, ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ამ კვირაში უნდა წარსდგეს სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა. კონსესუსისთვის მზად ვართ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ მან მიიღოს 76 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა.