კრემლი აპირებს დონბასის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგებას

რუსეთის მედიის ცნობით, კრემლი აპირებს, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიანიჭოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.

ამის შესახებ იუწყებიან გამოცემები „კომერსანტი“ და ერ-ბე-კა თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინელები, რომლებიც სეპარატისტების კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გათავისუფლდებიან მოქალაქეობის მისაღებად საჭირო გამოცდისაგან და რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ვალდებულებისაგან. ერ-ბე-კა-ს წყაროს თანახმად, მათ უნდა ჰქონდეთ თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების მიერ გაცემული დოკუმენტები და უარი უნდა თქვან უკრაინის პასპორტზე.

რუსეთში მარტის ბოლოს ამოქმედდა კანონი მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭების შესახებ.

ის პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, აამოქმედოს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გაიოლებული პროცედურა ისეთი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის, რომლებშიც შექმნილია რთული საზოგადებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ან მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი, ან დაემხო მმართველი რეჟიმი.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ ახალი კანონის საფუძველზე პასპორტების გაცემა დაიწყება, თუ არჩევნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი არ შეუდგება აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებას იმ მიმართულებით, როგორიც მისაღებია მოსკოვისათვის.

უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

საქართველოს შემთხვევაში, მოსკოვმა 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო პასპორტიზაცია, რაც წინ უსწრებდა 2008 წელს ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.