უფლებადამცველები ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე სრული ჭეშმარიტების დადგენას მოითხოვენ

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს ახალგაზრდა აქტივისტებმა.

„ადამიანის უფლებათა სახლის" მიერ ორგანიზებულ აქციას შეურთდნენ უფლებადამცველი აქტივისტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. ისინი სასამართლოს სხდომებსაც დააკვირდებიან.

„არა რასიზმს“, „არა ქსენოფობიას“ - ამგვარი ტრანსპარანტებით მოითხოვეს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა დასჯა.

აქციის მონაწილის, ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, მთავარი მოთხოვნაა „შედგეს სამართლიანი სასამართლო და დადგინდეს სრული ჭეშმარიტება.“

ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, პუშკინის ქუჩაზე, ბარ „ვარშავის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.

უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. როგორც „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელში, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათივე თქმით, ამას არ უარყოფენ დაკავებულებიც.

ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაციაში, „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. ის წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტული ბანაკების ორგანიზებაში და მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში. იყო ებრაული თემის აქტივისტი.

2018 წელს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა, ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა მას მიანიჭეს ტოლერანტობის ქომაგის წოდება..