ევროპის პარლამენტი განიხილავს კანონის უზენაესობას რუმინეთში

ევროპის პარლამენტი 15 აპრილს განიხილავს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რუმინეთში, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

დებატების ფონია ევროპის კომისიის მაღალჩინოსნის მიერ მიმდინარე თვეში რუმინეთის გაფრთხილება, რომ პრობლემები აღინიშნება მის მართლმსაჯულების სისტემასა და ზოგადად კანონის უზენაესობის მხრივ არსებულ ვითარებაში. ევროპის კომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა რუმინეთის მემარცხენე მთავრობა 3 აპრილს გააფრთხილა, რომ ბრიუსელი სწრაფად იმოქმედებს, თუ ბუქარესტი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს რეფორმებისკენ.

რუმინეთში გახმაურებული საქმე უკავშირდება კორუფციასთან მებრძოლ პირველ პროკურორს, ლაურა კევეშის. მისი საქმე ჯერ უარყვეს, შემდეგ კი მას მარტში კორუფციის ბრალდება წაუყენეს და 60 დღის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გააუქმა აკრძალვა და კევეშის უფლება მისცა უცხოეთში წასულიყო. კევეში ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატია ევროკავშირში შექმნილ ახალ პოსტზე - თაღლითობასთან მებრძოლი პროკურორის თანამდებობაზე.