„ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ, ვფიქრობ, მოიხსნება ის კითხვები, რომელიც ოპონენტებისგან ისმის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტზე, რომლის ავტორიც უმრავლესობაა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ უარი თქვეს განხილვაში მონაწილეობაზე, რადგან მათი თქმით, კომიტეტმა გადადგა არამართებული ნაბიჯი, როდესაც საკითხის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობამდე, დაჩქარებული წესით გადაწყვიტა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში, ვენეციის კომისიის დასკვნასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინებია, ვინაიდან მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი 100-ჯერ აღემატება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც კომისიას აქვს საკითხთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის თანახმად მმართველი გუნდი კანონპროექტს დაჩქარებულად, ვენეციის კომისიის დასკვნამდე მიზანმიმართულად განიხილავს, რაც კითხვებს აჩენს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვადებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია სრულად ინფორმირებულია. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესებასა და კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმებს შეეხება, 16 აპრილს გამოქვეყნდება.