რუსთავში ისევ გაიმართა საპროტესტო აქცია ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

რუსთავში ტერიტორიაზე, სადაც პენიტენციურ დაწესებულებას აშენებენ, ადგილობრივი მცხოვრებლები შევიდნენ და მიმდინარე მშენებლობის შეჩერება სცადეს.

ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს რუსთავის ქუჩები. "არა ციხის მშენებლობას" ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია, რომელშიც რუსთაველი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.

ეს არის უკვე მესამე საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ციხეების მშენებლობის წინააღმდეგ მოეწყო რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც 700 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება შენდება ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

11 აპრილს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გაუგზავნეს პეტიცია, რომლითაც ხელმომწერი რუსთაველები ციხის მშენებლობის შეწყვეტის გარდა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. 14 აპრილის აქციის მონაწილეებმა სამინისტროს ეს პეტიცია შეახსენეს.

აქციის დროს წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავდა. დემონსტრანტებს შეხვდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც მათ სთხოვა მსვლელობის ჩატარება ექსცესების გარეშე.