ჯულიან ასანჟის მამა ითხოვს თავისი შვილის ავსტრალიისათვის გადაცემას

ვებპორტალ „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის, ლონდონში დაკავებული ჯულიან ასანჟის მამამ, ჯონ შიპტონმა ავსტრალიას მოუწოდა, მოითხოვოს მისი ექსტრადიცია ავსტრალიაში, რომლის მოქალაქეც არის.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონს ნათქვამი აქვს, რომ ასანჟს საკონსულო დახმარებას გაუწევენ, მაგრამ სხვა მხრივ ავსტრალია არ აპირებს მის საქმეში რაიმე სახით ჩართვას.

ლონდონში სასამართლო განიხილავს შეერთებულ შტატებში ასანჟის ექსტრადიციის საკითხს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე. მაგრამ ჟურნალისტების ნაწილი და მემარცხენე წრეები შიშობენ, რომ "ვიკილიკსის" დამფუძნებელს შესაძლოა, მძიმე სასჯელი ელოდეს შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში.

ბრიტანეთის აპარლამენტის 70-მდე დეპუტატმა მოუწოდა ხელისუფლებას, განიხილოს ასანჟის შვედეთისათვის გადაცემის შესაძლებლობა.

ასანჟი სწორედ შვედეთში ექსტრადიციას გაურბოდა, როცა 2012 წელს თავი შეაფარა ლონდონში ეკვადორის საელჩოს. მაგრამ შვედეთმა, სადაც ასანჟს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ამასობაში შეწყვიტა მისი სამართლებრივი დევნა და შეერთებული შტატებია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ბრიტანეთისაგან მის ექსტრადიციას ითხოვს.

აშშ-ში ასანჟისათვის წაყენებული ბრალდებით, ის ჩელსი მენინგს დაეხმარა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერების გატეხვაში, საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.