„ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან საშიში სიგნალი ნებისმიერი პირისთვის, რომელიც თუნდაც სამომავლოდ გადაწყვეტს, რომ გახდეს ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი“, - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თაობაზე.
სახალხო დამცველის აზრით, ეს არის მინიშნება იმისკენ, რომ თუ ეს ტელევიზია არ იქნება ვიღაცისთვის მოსაწონი, წარმატების მიუხედავად, შეიძლება ძალიან მარტივად დაატოვებინონ დირექტორის თანამდებობა.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, ტელევიზია, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს რეგიონში, არის აბსოლუტურად დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური მხრიდან და ობიექტურად მაუწყებლობს.
„სრულიად მოულოდნელი იყო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნა იმიტომ, რომ მიმაჩნია, ბოლო წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს. რეალურად, ის გახდა როლური მოდელი თუ როგორი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მოიპოვა როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება. საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ეს ტელევიზია იქნა მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ და ობიექტურ მაუწყებლად. გარდა ამისა, სახალხო დამცველმაც სწორედ 2018 წელს ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე დააჯილდოვა ტოლერანტობის ქომაგის სტატუსით იმის გამო, რომ აშუქებდა ჩვენი ქვეყნის როგორც ეთნიკურ, ასევე რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებს ძალიან აქტიურად. ამიტომ, ძალიან ხელოვნურად მოგონილი მქონია ის არგუმენტები, თითქოს ეს ტელევიზია არ ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრიორიტეტებს, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ურჩევს, კარგად გაიაზრონ თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცესზე მხარდაჭერა.