ტაქსის მძღოლებისა და თბილისის მერის შეხვედრა, რომელიც 12 აპრილს უნდა გამართულიყო, გადაიდო. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ვალერი ქადაგიშვილმა, მერიიდან შეატყობინეს, რომ ტაქსის მძღოლების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს მმართველ პარტიაში და ამის გამო მერი მათ ორშაბათს შეხვდება.
"ჩვენი მოლოდინია, რომ მერია საბოლოოდ დათმობაზე წავა. პირველ რიგში იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია. ამასთან, ჩვენ ვითხოვთ არა გადაწყვეტილების გაუქმებას, არამედ მის გადავადებას", - ამბობს ვალერი ქადაგიშვილი. მძღოლები ამბობენ, რომ ისევ ძალაში რჩება 18 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაონ. მათ უნდა ჰქონდეთ მარცხენა საჭე და წელიწადში ორჯერ უნდა გაიარონ ტექდათვალიერება.
ტაქსების თეთრად გადასაღებად ან ფირის გადასაკრავად საჭირო 700-ლარიანი ვაუჩერების გაცემა პირველი მარტიდან დაიწყო. მძღოლები აცხადებენ, რომ ეს თანხა არც ავტომობილის შესაღებად არის საკმარისი და არც ავტომობილზე თეთრი ფირის დასაკრავად.
ტაქსის მძღოლები კახა კალაძისგან ითხოვენ, რომ მოსამზადებელი ვადა 2022 წლამდე (2021 წლის ჩათვლით) გახანგრძლივდეს. ამ მოთხოვნით მძღოლებმა აქცია 11 აპრილს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გამართეს.