ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაში

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ბრიფინგი ბათუმში

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლების დაკვეთად შეაფასა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მოთხოვნა, ტელევიზიის და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების შესახებ.

კაპანაძის გადაყენების ინიციატორები არიან მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ დარცმელიძის პოზიციას გაემიჯნა.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნის გამო, დღეს ბათუმში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გია აბულაძემ, საბჭოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძემ, "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი მასალკინმა, „ახალი საქართველოს“ წევრმა, ბექა დიასამიძემ და „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, აჭარის ტელევიზია არაერთ კვლევაში მოხვდა როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული მედიასაშუალება, რომელიც, როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აწყობს და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მოუწოდებენ მრჩეველთა საბჭოს, ხელისუფლებას არ მისცეს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ, დაიწყონ აჭარის ტელევიზიის საწინააღმდეგო კამპანიის მონიტორინგი და შეფასება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიის გარშემო აგნვითარებული მოვლენებით.

დღეს განცხადება გაავრცელა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამაც," რომელიც გმობს „მიზანმიმართულ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მყოფი სამეურვეო საბჭოს წევრების გამოყენებით.“

ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოქმედებს მრჩეველთა საბჭოში მისი კვოტით არჩეული ირაკლი დარცმელიძეც და მოუწოდებს მას, თავი აარიდოს მედიის წინააღმდეგ სახელისუფლებო რეპრესიებში თანამონაწილეობას.