აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაიწყო შეხვედრები საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლებთან და ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებთან.
საქმე ეხება სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების აღმოჩენას.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიიღო გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც საკითხს დეტალურად შეისწავლის და დაღუპულებს შესაბამისი პატივი მიეგება.
რიჟვაძის ინფორმაციით, კომისიაში, რომლის მუშაობას კოორდინაციას მთავრობის აპარატი გაუწევს, იქნებიან ეპარქიის და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები.
„ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ პროცესები წარიმართოს კანონმდებლობის და ყველას პატივისცემის საფუძველზე“ - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისი ინფორმაციით, პროცესში შესაძლოა, ექსპერტებიც ჩართონ.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადმიანებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ დგინდება კონკრეტული იდენტობა, უნდა მიეგოთ შესაბამისი პატივი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ 5 და 8 აპრილს გაავრცელა განცხადებები, რომ ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დროებით სარგებლობაშია, გაითხარა 4 სამარხი და იქ აღმოჩნდა 1937-1938 წლებში, ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი. ეპარქია ნეშტების დაკრძალვას და ცერემონიაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა მიწვევას 21 აპრილისთვის აპირებდა.
სამარხის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას მოჰყვა რეპრესირებულთა შთამომავლების მოთხოვნა დნმ-ის ანალიზის ჩატარების და სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.
მეცნიერული კვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ არექოლოგები და ისტორიკოსები.
საქართევლოს ხელისუფლებას სამი თხოვნით მიმართა მუსლიმთა სამმართველომაც - ყველა ნეშტს ჩაუტარდეს დნმ-ის ანალიზი, თუ ამ გზით ვინაობის დადგენა შეუძლებელი იქნება ძვლები დაკრძალონ ნეიტრალურ სასაფლაოზე და დაკრძალვა არ დაემთხვეს არანაირ რელიგიურ დღესასწაულს. მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის ინფორმაციით, რეპრესირებულთა სიაში მუსლიმთა ბევრი სულიერი წინამძღვარიცაა.