სანდრა რულოვსი ზუგდიდელი გახდება

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენილი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მცხოვრებად დარეგისტრირდა.

მან ზუგდიდის იუსტიციის სახლს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 3 აპრილს მიმართა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ოდიში“ ავრცელებს.

მერობის კანდიდატის გადაწყვეტილების შესახებ სხვა მედიასაშუალებები ინფორმირებული არ ყოფილან.

იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პირის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემია და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია რეესტრის ვებ-გვერდზე ორ სამუშაო დღეში აისახება.

„ძალიან ვამაყობ. ვიქნები უკვე ზუგდიდელი და ვნახოთ ზუგდიდელები, როგორ მიმიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა ზუგდიდელისთვის მისაღებია. დამეხმარონ მერის ამპლუაში და მერე უკვე სულ დავრჩები ზუგდიდში“, - უთხრა „ოდიშს“ სანდრა რულოვსმა.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 22 მარტს წარადგინა.

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს 2016 წლის არჩევნებზე. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში „მოპარეს“.