ზუგდიდის მერობა უპარტიო კანდიდატებსაც სურთ

ზუგდიდი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერის შუალედური არჩევნებისთვის დარეგისტრირდა 5 საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა სურს.

მათ შორის არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მოძრაობის „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია და იურისტი მალხაზ ქუჩულორია. თუმცა, ქუჩულორიამ დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩევნებში კენჭისყრა გადაიფიქრა.

საინიციატივო ჯგუფები დარეგისტრირდნენ კიდევ ორი ზუგდიდელის, დავით თორდიას და გოგიტა ბიგვავას მხარდასაჭერადაც. ბიგვავა ზუგდიდის მერად 2017 წელსაც იყრიდა კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან,“ რომელიც არჩევნების შემდეგ დატოვა.

საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა 2 აპრილს ამოიწურა. მათ საარჩევნო კომისიას 9 აპრილისთვის უნდა წარუდგინონ კანდიდატების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერები.

საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის წარსადგენად სჭირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ მცირე 1%-ის ხელმოწერები.

მუნიციპალიტეტში 120 ათას 629 ამომრჩეველია. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფებმა სულ მცირე 1206 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს და ბლოკებს, ჯერჯერობით კანდიდატები დაასახელეს „ქართულმა ოცნებამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ.

მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოქმედი ვიცე-მერი გიორგი შენგელია, ხოლო ოპოზიციის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

მერობის კანდიდატების რეგისტრაცია აპრილის მეორე ნახევარში დასრულდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ზუგდიდის ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.