თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღიდან 23 აღსაზრდელი, ღებინების სიმპტომებით რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, „მცირეწლოვნების ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება“. ჭონიაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით ბავშვებს ინტოქსიკაცია აღენიშნებათ, თუმცა რამ გამოიწვია მოწამვლა ამ ეტაპზე უცნობია.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი ამბობს, რომ სოფელ ბუშეტის ბაღში დღეს 32 ბავშვი გამოცხადდა, საიდანაც 23 შეუძლოდ გახდა. ბავშვების ნაწილს გულისრევა აღენიშნებოდა, ნაწილს კი მუცლის ტკივილი. ხაჯალიაშვილის თქმით, დანარჩენები თავს კარგად გრძნობენ.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ ინტოქსიკაცია საკვებს გამოეწვია, რადგან იმავე პროდუქტით მარაგდება დანარჩენი 30 ბაღიც და სხვა ბაღებში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. თინათინ ხანჯალიაშვილის თქმით, ბავშვებს ბაღში საკუთარი სასმელი წყალი ჰქონდათ მიტანილი და სურსათის ეროვნული სააგენტო ახლა ამ წყალს ამოწმებს.