ანა ბაგრატიონის ადვოკატი: ძალადობა ბავშვის თვალწინ მოხდა

ანა ბაგრატიონის სურვილია, იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ძალადობა ჩაიდინა, პასუხი აგოს და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ელისო რუხაძემ.

ანა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით იკითხება.

მისი ადვოკატის განმარტებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გარდა, ფსიქოლოგიური ძალადობაც ხორციელდებოდა.

„გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვაპირებთ ჩვენების მიცემას. საუბარია, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეზე არსებობს.

ანას სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს", - განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ სამართალდამცავებთან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ამისთვის მზად არ იყო.

„ეს არის კითხვა, რომელზეც ვრცელი პასუხი შეიძლება მქონდეს, თუმცა, დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, ვინაიდან კითხვის პასუხია მთლიანად ჩვენება. ძალადობის საქმე სპეციფიკურია, რა დროსაც მსხვერპლი მზად არ არის და არც გარემოებებია, როცა მან უნდა ისაუბროს ამ საკითხებზე", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმის ხანდაზმულობას, რუხაძის განცხადებით, ძალადობის ბოლო ფაქტი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და მას ხანდაზმულობის ვადა ხაგრძლივი აქვს.

„ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და 6 წლამდე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული ხანდაზმული არ არის", - აცხადებს რუხაძე.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აცხადებს, რომ მას ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და იმ შემთხვევაში, თუკი, საგამოძიებო უწყება ამ ქმედებაში დანაშაულებრივ ნიშნებს დაინახავს, გამოძიება ამ კუთხითაც უნდა წარიმართოს.

"ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ის 2 დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება, ის ვალდებულია, ამ მხრივ გამოძიება აწარმოოს", - აცხადებს რუხაძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ განახორციელა 2014 წელს საგურამოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობა, როცა ისინი არაოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს დაშორებულები იყვნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგურამოში ბავშვთან ერთად ყოველ კვირას ჩადიოდა.

"მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურაოში ბავშვთან ერთად სისტემატიურად ჩადიოდა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე", -განაცხადა რუხაძემ.