ანაკლიის განვითარების სააგენტო - სახელმწიფო ალტერნატიულ კომპანიას არ ეძებს

სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რომ სახელმწიფო ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად“ და ალტერნატიულ კომპანიებს ეძებს.

„სამწუხაროა, რომ ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში სულ უფრო მატულობს არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, რომლის მიზანი მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ეს თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებული სპეციფიკური თემის სწორად გაგებას და მიმდინარე პროცესების ჯანსაღ ვითარებაში წარმართვას", აცხადებს სააგენტო.

"ხელშეკრულება გაფორმებულია სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანია “White & Case”-ს შორის. ხელშეკრულების საგანია სამართლებრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში, რაც გულისხმობს: საინვესტიციო ხელშეკრულებაში ბანკებისა და ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას, ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებას, კონსორციუმთან და ბანკებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და დახმარებას მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე, რეკომენდაციების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით“, წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თუ 1 ივლისისთვის, საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში კონსორციუმი ვერ შეძლებს კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებასა და პორტის მშენებლობის დაწყებას. სააგენტოს თქმით, ამის გამო შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი.

ასევე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას, აგრძელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებებს და ელოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც გაიმართება აპრილში.

30 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების გაანალიზებას ითვალისწინებს.