რადიო თავისუფლება არ შეუშვეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, სადაც ელჩმა სასაუბროდ შეიყვანა ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები და აქტივისტები. მანამდე ისინი ირანის საელჩოსთან აქციას მართავდნენ.
გურამ ფალავანდიშვილის, ხათუნა მაჭავარიანის, ლევან ჩაჩუას, გურამ ქართველიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიზნად ისახავდა ირანელი რეპერის, ამირ თათალუს ქმედებებისა და გამონათქვამების გაპროტესტებას.
ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანელმა რეპერმა 24 მარტს თბილისში, ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ ჩატარებული კონცერტის დროს ქართველებისა და საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.
აქციის ორგანიზატორებთან ერთად, საელჩოში ელჩთან შესახვედრად ასევე შეიყვანეს მედიაც, რადიო თავისუფლების გარდა.
ბოლო სამ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თავისუფლებას არ ეძლევა საშუალება გააშუქოს ირანის საელჩოს შენობაში მედიისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.
2018 წლის 17 დეკემბერს საელჩოს შენობაში ბრიფინგს მართავდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი. საელჩოს შენობაში გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლება არ დაასწრეს.
ბრიფინგზე დასასწრებად საელჩოს შენობაში რადიო თავისუფლების ჯგუფი მარტივი რეგისტრაციის შემდეგ შეუშვეს. ბრიფინგის დაწყებამდე, საელჩოს წარმომადგენლებმა იკითხეს, ვინ იყო დარბაზში რადიო თავისუფლებიდან.
ჟურნალისტი ელჩის კაბინეტში შეიყვანეს, სადაც ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა მას განუმარტა, რომ ვინაიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა არ თანამშრომლობს რადიო თავისუფლებასთან, ელჩი რადიო თავისუფლებას კომენტარს არ მისცემს და არ დაიწყებს ბრიფინგს სანამ რადიო თავისუფლების წარმომადგენლები იქ იმყოფებიან. რის შემდეგაც რადიო თავისუფლების ჯგუფი შენობიდან გააცილეს.