უკრაინელმა ჟურნალისტებმა იტალიაში აღმოაჩინეს საპრეზიდენტო კანდიდატის, შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის 15-ოთახიანი ვილა, რომელიც ზელენსკის ქონების დეკლარაციაში არ შეუტანია.
უკრაინაში, კიევში დაფუძნებული Slidtsvo.Info-ს ჟურნალისტებმა 28 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 41 წლის ზელენსკიმ იტალიურ კომპანიას 3,8 მილიონი ევრო გადაუხადა 2017 წელს ვილაში, რომელიც იტალიის ქალაქ ფორტე-დეი-მარმიში, ზღვიდან 600 მეტრში მდებარეობს.
Slidtsvo.Info-ს ჟურნალისტების თანახმად, ტოსკანაში მდებარე ქალაქს, პრორუსულმა მედიამ „მოსკოვის პროვინცია“ უწოდა, რადგან იქ უძრავი ქონება აქვთ ცნობილ რუს ოლიგარქებს, ოლეგ დერიპასკას და რომან აბრამოვიჩს. გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველაზე პოპულარული კანდიდატის ქონება შეიცავს ოთხ ბინას კიევში, ასევე სახლს კიევის მახლობლად, ასევე ბინებს იალტაში, ყირიმში და გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ იტალიაში ეს ვილა მას დეკლარაციაში არ შეუტანია. ჟურნალისტების თანახმად, ფორტე-დეი-მარმიში სახლს ის თავის ცოლ ელენასთან ინაწილებს. ზელენსკი ამჟამად მონაწილეობს პოპულარულ სატელევიზიო კომედიურ „სერიალ ხალხის მსახურში“, რომელშიც ის წარმოადგენს უბრალო მასწავლებელს, რომელიც პრეზიდენტი ხდება.
ფაქტი, რომ წარმატებული საქმიანობა ბიზნესსა და სატელევიზიო შოუში მილიონობით დოლარის მოგებას ნიშნავს, არ არის გასაკვირი. სავარაუდოდ, უკრაინელ ამომრჩეველს, რომელიც არ ენდობა პოლიტიკოსებს და მთავრობას, გაანაწყენებს ის, რომ ვილა იტალიაში გასაიდუმლოებული იყო შოუმენის მიერ, და ის რომ ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანია ისტებლიშმენტის წინააღმდეგ იყო მიმართული და მისი იმიჯი გამჭირვალობაზე იყო დამყარებული.
Slidstvo.Info ცნობილი გახდა დოკუმენტური ფილმით ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის დეტალებზე.
„პოლსტერ რეიტინგ გრუპმა“ 28 მარტს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, ზელენსკის 26,6 პროცენტი უჭერს მხარს. ზელენსკის მოსდევენ პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო, რომლებსაც 17-17 პროცენტი მიემხრო.