ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 26 მარტს დააკმაყოფილა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელები. სასამართლომ დაადგინა, რომ 19 მომჩივნიდან თითქმის ყველას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევეს.
ინდივიდუალურ საჩივრებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა. სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეები გახდნენ დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა დროსაც შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები.
2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მომჩივანთა მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა ევროპულმა სასამართლომ გადადო, რადგან იმ მომენტისთვის სახელმწიფოთაშორის საჩივარში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ კომპენსაციის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო და მისი განხილვა კვლავ მიმდინარეობდა სასამართლოს დიდ პალატაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 2019 წლის 31 იანვარს გამოიტანა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ განაახლა ინდივიდუალური საჩივრების განხილვა და 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას მომჩივნების სასარგებლოდ გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო თითოეული მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევის არსი, მათ შორის მათი დაკავების ხანგრძლივობა.
26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას დაეკისრა:
- 2,000 ევროს გადახდა იმ მომჩივნებისთვის, რომლებიც გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, თუმცა, დაკავებული არ ყოფილან.
- 10,000 ევრო - იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, ხოლო სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლდნენ
- 12,500 ევრო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა დაკავება გაგრძელდა ორიდან ათ დღემდე
- 15,000 ევრო იმ მომჩივანთა სასარგებლოდ, რომელთა დაკავების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 დღეს .
რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული თანხა დაზარალებულებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.