სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით,- განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ. „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ეკლესიის ნაწილისთვის კოდექსის ძირითადი იდეის მიწოდება არასწორად მოხდა:
„სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? - რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.
სოფიო კილაძის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე პირველად შემოდის, რომ „შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ.“ მისივე თქმით, კოდექსით საქართველოს კანონმდებლობაში ასევე პირველად შემოდის სიტყვა „სამშობლო“ და „ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ.“- აღნიშნა სოფიო კილაძემ. მისი აზრით, კითხვები კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს.