სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ერთხმად ცნეს დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალში, მათ შორის გაუპატიურებაში.
მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათზე მეტ ხანს მსჯელობდნენ. მალხაზ კობაურს ბრალი ჰქონდა წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას. ეს მუხლები 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა გამოიტანოს.
ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას მოითხოვს.
„სახეზე გვაქვს საზარელი, უმძიმესი დანაშაული - სამი ადამიანის მკვლელობა, მათ შორის, 4 წლის ბავშვის. მოტივი - გაუპატიურება, ცალსახად გაუგონარი და შეუწყნარებელია. ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი, სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება და ჩვენ აუცილებლად, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას“, -განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
სასამართლო სხდომა 27 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში, 12 საათზე გაიმართება.