საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურისის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრის წლიური ხელფასი 60 000 $ -ია არასრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის.
" Financial Times-ში განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გვსურს ავუხსნათ საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები და ნათელი მოვფინოთ მედიაში გავრცელებულ მცდარ შეფასებებს.
Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ სააგენტოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული." - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
გამოქვეყნებული ვაკანსიის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი წელიწადში 60 000 $ იქნება. კონკურსის მეშვეობით უნდა შეირჩეს 5 ადამიანი, რომლებიც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებლები იქნებიან სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე. მათვე უნდა აირჩიონ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
სახელმწიფო აიღებს ასევე ვალდებულებას მისი სამგზავრო ხარჯების დასაფარად. საინვესტიციო საბჭოს 5 წევრის შენახვა სახელმწიფოს ამ მონაცემებით წელიწადში 795 000 ლარი დაუჯდება, იმ შემთხვევაში თუკი დოლარის კურსი 2,65 იქნება.
ეს სამსახური არ ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას.
აპლიკაციის მიხედვით, საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია, რაც მხოლოდ 9 სამუშაო დღის ტოლფასია.