პარლამენტში გადაიდო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასასჯელად კვიციანის პროექტის განხილვა

ემზარ კვიციანი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი არ უყარა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას სისხლისსამართლებრივი წესით.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ინიციატორს განუმარტა, რომ კანონპროექტის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ვალდებულებებს და შესთავაზა, რომ საკითხი განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში და ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოუყოფს აპარატის თანამშრომელს.

ემზარ კვიციანის კანონპროექტით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე. ამავე პროექტით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.